დღეს, 20:00 საათზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი 2011" დაიხურება.
სელექციის შედეგად, ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 19 ქვეყნის სხვა და სხვა კინოსკოლის 48 სტუდენტური ნამუშევრი, რომლიდანაც ჟიური 4 გამარჯვებულს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო ანიმაციური ან ექსპერიმენტული ფილმი და ჟიურის პრიზი.
ამ ოთხი ნომინაციის გარდა, სპეციალური დიპლომებით აღინიშნებიან სტუდენტები იმ სპეციალობების მიხედვით, რომელსაც ეუფლებიან მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში - რეჟისურა, ოპერატორის ნამუშევარი, ხმა, მონტაჟი და სტუდენტ კრიტიკოსთა არჩევანი.
წელს, ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრები არიან: ბოგდან ძივორსკი - პოლონეთი, ინეკე სმიტსი - ნიდერლანდები, დოვერ ქოსაშვილი - ისრაელი, ანდრეა ვინკი - გერმანია და მარინა კერესელიძე - საქართველო.
ტრადიციისამებრ, ჟიურის ყველა წევრმა ჩაატარა მასტერკლასი/პრეზენტაცია და საინფორმაციო შეხვედრა გამართა სტუდენტებთან.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პირველად ფესტივალის არსებობის მანძილზე, შედგა სტუდენტური ურთიერთთანამშრომლობა. სელექციის შედეგად, მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან ფესტივალზე მოწვეული 15 სტუდენტი, რამდენიმე შერეულ ჯგუფად ჩამოყალიბდა, რომელიც ONE SHOT MOVIE-ს პრინციპით გადაიღო ფილმები, კო-პროდუქცია. შემდგომში, შესაძლებელი იქნება „ამირანის" სახელით ამ ფილმების სხვადასხვა ფესტივალებზე გატანა, რაც ფესტივალს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენს საერთაშორისო მასტაბით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, ფრანგული ინსტიტუტი, ისრაელის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო, ფონდები „ცის ხიდი" და „ტატო".
ფესტივალის პარტნიორები არიან „თიბისი ბანკი", „კაუკაზუს ონლაინი", „აი სი ჯგუფი", „კაპაროლი", „ასკანელი ძმები", „სარაჯიშვილი", „ნაბეღლავი", ყავა „პელე" და ჩაი „გურიელი", კომპლექსი „ქალაქური" და ლიტ-კაფე „ქარავანი".
ფესტივალის მედია პარტნიორები არიან: ჟურნალი „FOCUS", გაზეთები „24 საათი", "GEORGIA TODAY" და „რეზონანსი", საინფორმაციო სააგენტოები „GHN" და „IPN", რადიოები „უცნობი", „მუზა" და „რადიოქალაქი", ტელეკომპანიები „რუსთავი 2" და „იმედი".