ძვირფასი ლითონების კონტრაბანდის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე პააატა ღვინიაშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ პ. ღვინიაშვილს, რომელიც საქართველოდან თურქეთის მიმართულებით სამგზავრო ავტობუსით მგზავრობდა, ტანზე მიმაგრებულ სარტყელში 10 ცალი, 730-გრამიანი ვერცხლის შენადნობი ედო, ხოლო 1 ცალი, 310-გრამიანი, 999 სინჯის ოქროს ზოდი კი მან ავტობუსის სკამის საზურგეში განთავსებულ საფერფლეში დამალა.
ბრალდებულს აღნიშნული ტვირთის საზღვარგარეთ მალულად, დეკლარირების გარეშე გატანა ჰქონდა განზრახული. კონტრაბანდული ტვირთის ღირებულებას ექსპერტიზა დაადგენს.
სამართალდამცველებმა პ. ღვინიაშვილი საქართველოს ეკონომიკური საზღვარზე, პორტალ „სარფის" გავლისას დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.