დღეს, 6 მაისს, საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად საზეიმო აღლუმი ამჯერად, დედაქალაქის ნაცვლად, ბათუმში გაიმართება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრე ზამბახიძემ განუცხადა, აღლუმი საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება და ის ახალ ბულვარში მოეწყობა.
"შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, წელს აღლუმი ძალიან შთამბეჭდავი და სანახაობრივი იქნება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 6 მაისს აჭარის რევოლუციიდან 7 წელი გავიდა", - აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.
პოლიციის აღლუმს საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ჩაიბარებენ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის დღედ 6 მაისი შარშან გამოცხადდა. ტრადიციის დამკვიდრების პირველ წელს მიხეილ სააკაშვილმა აღლუმი თბილისში ჩაიბარა.
ცნობისთვის, 6 მაისი აჭარის რევოლუციის დღეცაა.