სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი, მე-12 შეხვედრა გაიმართა. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოსურმა მხარემ მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა "სამების" მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოსთან დაკავშირებულ ზომებზე.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისი იუწყება, საუბარი შეეხო ფერმებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ხელმისაწვდომობის საკითხს.
"მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია რეგიონში აგრარული განხრით მომუშავე ადამიანების უსაფრთხოების დაცვა. ეუთოს წარმომადგენლებმა დვანის შეხვედრის მონაწილეები ჩააყენეს საქმის კურსში, ზონკარის წყალსაცავის პროექტის წინსვლასთან დაკავშირებით. დვანის შეხვედრამ კეთილგანწყობილ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა", - აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა დვანში გაიმართება 2011 წლის 17 ივნისს.