თელავში „სოკარის" ბენზინგასამართი სადგურის დაცვის უფროსი გოგა დვალი მოკლეს. ინციდენტი გუშინ, ღამით მოხდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, მკვლელობაში ვინმე კუპატაძეა ბრალდებული.
თვითმხილველების ცნობით, კუპატაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბენზინგასამართ სადგურთან არსებული მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმელის წაღებას უფასოდ ცდილობდა.
დაცვის უფროსმა კუპატაძე სადგურის ტერიტორიიდან გააძევა, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში კუპატაძე შეიარაღებული დაბრუნდა და დაცვის უფროსს თავში ესროლა. გოგა დვალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.