უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა და მშვიდობასა და მოლაპარაკებებზე ისაუბრა, რუსეთმა კიევს 21 რაკეტა ესროლა. თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
ზელენსკის განცხადებით, რუსმა „ჰუმანისტებმა“ კიევს საღამოდან მოყოლებული ბალისტიკური რაკეტებით სამჯერ შეუტიეს.
„რუსმა „ჰუმანისტებმა“ საღამოდან მოყოლებული კიევს ბალისტიკური რაკეტებით დარტყმის სამი ტალღა მიაყენეს. მათ 21 რაკეტა გამოიყენეს. სამწუხაროდ, ქალაქში მრავალი ობიექტი დაზიანდა: საცხოვრებელი სახლები, ენერგეტიკული ობიექტები, ერთ-ერთი რკინიგზის სადგურისა და მეტროს ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ცენტრები და საწარმოები. დაზიანებულ ობიექტებს შორის მონასტერიცაა“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთის იერიშების სამიზნე ღამით, ჯამში, უკრაინის 12 ოლქი გახდა.
„კიევსა და რეგიონებში 34 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულის შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან რუსეთის სარაკეტო დარტყმას საჩვენებელი უწოდა.
„ფაქტობრივად, მორიგი მოლაპარაკებების დასრულებისთანავე რუსეთმა საჩვენებელი დარტყმა განახორციელა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დამოკიდებულებაში, ყველაფრის მიუხედავად, რეალური ცვლილებები არ არის. მნიშვნელოვანია, კვლავ ვცადოთ სწორი გადაწყვეტილებების მოძებნა, რათა ამ ომს ბოლო მოვუღოთ. მაგრამ როდესაც მოლაპარაკებებს რუსული ბალისტიკური რაკეტებით პასუხობენ, აუცილებელია რუსეთზე რეალური ზეწოლის განხორციელება“, - განაცხადა ზელენსკიმ.