ქართული მართლმსაჯულების შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის დასკვნა ივლისში გამოქვეყნდება.
ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ჰამერბერგმა ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.
"ვიზიტისას საკმაოდ ბევრი მასალა დამიგროვდა, რომელსაც გავაანალიზებ და ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებს ჩამოვაყალიბებ. მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა საქმეებთან მიმართებაში წინსვლა შეიმჩნევა, მაგრამ ჩემი მოვალეობაა, პრობლემებზე მოვახდინო რეაგირება", - განაცხადა ჰამარბერგმა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, ანგარიშში სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევათა ფაქტებზეც იქნება საუბარი.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში 18 აპრილს ჩამოვიდა და ქართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროებში გამართა შეხვედრები. თომას ჰამერბერგი სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს.