პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის შეწყალებასთან დაკავშირებით მათი ოჯახის წევრთა განცხადება უკვე შესულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მსჯავრდებულთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, შესაბამისი დოკუმენტაცია ისრაელიდან დღეს მიიღო და ის პრეზიდენტის კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ ჩააბარა.
"ახლა პრეზიდენტზეა დამოკიდებული საკუთარ უფლებამოსილებას გამოიყენებს, თუ არა. თუ ის ბიზნესმენების შეწყალებას გადაწყვეტს, შეუძლია ეს ხვალვე, ან არასდროს გააკეთოს. პირადად მე პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მცდელობას რაიმე შედეგი მოჰყვება, თუმცა შეწყალების შესახებ დაკავებულთა ოჯახის წევრთა თხოვნა მაინც წარვადგინეთ, რადგან ამით მათი გათავისუფლების ყველა შესაძლებლობა ამოგვეწურა და არ თქმულიყო, რომ შეწყალების შანსი გვქონდა ის არ გამოვიყენეთ", - განუმარტა კბილაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავება თელ-ავივში სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რამდენიმე კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრათ. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.