აფხაზური მხარე იუწყება, რომ დადგენილია მეორე თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც 8 აპრილს გალის რაიონში კრიმინალური გარჩევის შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელი მოკლა. სეპარატისტების ინფორმაციით, "ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ეს 1984 წელს დაბადებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მცხოვრები რამაზ ნუგზარის ძე მიქაიაა".
"აფხაზეთის შს სამინისტროს ოპერატიული სამსახურები ეჭვობდნენ, რომ მიქაია თანამონაწილე იყო გალის რაიონული მილიციის განყოფილების თანამშრომლის და რაიონის პროკურორზე თავდასხმის საქმეში 2010 წლის იანვარში (2010 წლის 29 იანვარს რაიონული მილიციის განყოფილების თანამშრომელი ედუარდ კუბრავა და ორი ადგილობრივი მოსახლე მოკლეს)", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს დაიღუპა. 8 აპრილს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გალის რაიონში შეიარაღებული შეტაკების დროს ერთი რუსი მესაზღვრე და ორი თითქოს და "ქართველი დივერსანტი" დაიღუპა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს დაღუპულია ერთი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი - უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების მოსამსახურე და ორი პიროვნება, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2002 წლიდან ყაჩაღობის, ქურდობისა და მძევლად ხელში ჩაგდებისათვის ძებნილი ლაშა სიჭინავა, რომელსაც დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.