აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინაში პირადი ვიზიტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ჩართულობით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
ამის შესახებ The New York Post იუწყება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეწვევა თუ არა უკრაინას, მელანია ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ“. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა მოხდეს. დონალდ და მელანია ტრამპებმა ჟურნალისტების კითხვებს პალმ-ბიჩში უპასუხეს, სადაც შუალედურ არჩევნებში ვადამდელი კენჭისყრისას ხმა მისცეს.
მელანია ტრამპმა პირველად ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომელსაც, მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის მხარეებს შორის ოკუპირებული ქალაქ ოლეშკისთვის მიაღწია. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„ჩვენ ვისაუბრეთ. შეთანხმებას მივაღწიეთ“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი მეუღლე საქმეს უფრო კარგად ართმევს თავს, ვიდრე მისი სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
„ვფიქრობ, ამჟამად ის პროფესიონალებზე უკეთ ართმევს თავს საქმეს. მან ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია. საქმე ბავშვებს, ადამიანებსა და ხანდაზმულებს ეხება“, - განაცხადა ტრამპმა.