რუსეთმა ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ დაახლოებით 1 600 მართვადი საავიაციო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, და თითქმის 2 300 დამრტყმელი დრონი გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამ სასტიკი დარტყმების შედეგად თითქმის ყოველდღიურად იღუპებიან და ჭრილობებს იღებენ ადამიანები“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, შაბათს საღამოს დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 11 წლის გოგონაა.
ვინიცაში რუსული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
ზელენსკის ცნობით, რუსეთმა ხარკივში სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტსაც დაარტყა. თავდასხმის შემდეგ ადგილზე მისულ საგანგებო სამსახურებს რუსულმა ძალებმა განმეორებით შეუტიეს, რის შედეგადაც მაშველები დაშავდნენ.
გარდა ამისა, ღამით რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს თბოელექტროსადგურებზე, ქვესადგურებზე, ქვანახშირის მაღაროებზე, მარცვლეულის საწყობებზე, სავაჭრო ცენტრებზე და საფოსტო ტერმინალზე. დაზიანებები ცხრა ოლქში დაფიქსირდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად, პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ.
„აუცილებელია, განახლდეს ევროპელების მიერ უკვე შეთანხმებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი გადამჭერი რაკეტების მიწოდება. ასევე, მნიშვნელოვანია უკრაინის საბრძოლო ავიაციის შემდგომი მხარდაჭერა, რათა მან რეაქტიული „შაჰედებისგან“ დაიცვას ქვეყანა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, თავდაცვითი დახმარება, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების ფონზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხმარება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას ამ მხარდაჭერას უწევენ.