რუსეთმა პირველად დაუშვა უცხოელი წარმომადგენელი უკრაინელ ომის ტყვეებთან. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი ავრცელებს.
„მაცნობეს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად, ჩვენს ბიჭებთან უშუალოდ დაუშვეს უცხოელი წარმომადგენელი - რომის პაპ ლეო XIV-ის სპეციალური წარმომადგენელი, კარდინალი მატეო ძუპი“, - განაცხადა მან.
ომბუდსმენის თქმით, უკრაინელმა დამცველებმა ასევე დაადასტურეს, რომ მათთან რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის წარმომადგენლებმაც დაიწყეს ვიზიტები.
„რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულ იანა ლანტრატოვასთან. გუშინ კვლავ განვიხილეთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების შემდგომი ნაბიჯები. ყოველი გაცვლა მოლაპარაკებების შედეგია. ეს კი ჩვენი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაბრუნების საკითხში პროგრესის მიღწევის შანსია“, - აღნიშნა ლუბინეცმა.