ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლების შესახებ წინადადებები, როგორც ამის შესახებ The Economist იუწყება, მცდარი და სახიფათოა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
"ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლების შესახებ წინადადებები, რომელთა შესახებაც გამოცემა The Economist-ი იუწყება, მცდარი და სახიფათოა.
რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების შანტაჟის ათწლეულების შემდეგ ევროპამ მხოლოდ ახლა დაიწყო ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა.
მოსკოვისთვის ენერგია იარაღია და არა ბიზნესი. ეს გაკვეთილი ევროპამ მძიმე ფასად ისწავლა.
2019 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე გადაწყვეტილება, შეეჩერებინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, ევროპის უსაფრთხოებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყო. ამის საპირისპიროდ, აშშ-ის გადაწყვეტილება, 2021 წელს მშენებლობის განახლების დაშვების შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტრატეგიული შეცდომა იყო.
რუსული მილსადენებისთვის უკრაინის გვერდის ავლის შესაძლებლობის მიცემამ პუტინს სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ გზა გაუხსნა.
წარსული შეცდომები არ უნდა დავივიწყოთ და არც გავიმეოროთ. ამ სტრატეგიულმა ჩავარდნებმა არც მეტი კეთილდღეობა მოიტანა და არც მეტი უსაფრთხოება - მხოლოდ ომი, არეულობა და კრიზისი.
ეს ომი დათმობებით, ბიზნესგარიგებებითა თუ პუტინისადმი პირფერობით ვერ დასრულდება. მისი დასრულება მხოლოდ ძალის დემონსტრირებითა და პუტინის რეჟიმისთვის ომის გასაგრძელებლად საჭირო რესურსების შეზღუდვით არის შესაძლებელი", - წერს სიბიჰა.
The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპი სიძე, ჯარედ კუშნერი წინადადებით გამოდიან, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რუსული გაზის ევროპაში მიწოდება განახლდეს.