მილიარდერმა ილონ მასკმა აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის გამოყენება შეზღუდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ საკუთარ ტერმინალებს გათიშავს, უკრაინის ფრონტი „მყისიერად ჩამოიშლება“.
„Starlink-ის - სამოქალაქო, კომერციული სერვისის გამოყენება მოიერიშე დრონებით ადამიანების მოსაკლავად დარტყმების განსახორციელებლად არასოდეს ყოფილა ნებადართული და არც უნდა იყოს დაშვებული. Starshield-ი სხვა სისტემაა, რომელსაც აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს. მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მათი საქმეა“, - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი მტკიცებით, უკრაინელმა სამხედროებმა Starlink-ის გამოყენების პირობები დაარღვიეს, რადგან სისტემა, მისი თქმით, „მოიერიშე დრონებით ადამიანების მოსაკლავად დარტყმების განსახორციელებლად“ გამოიყენეს.
„ეს ხარვეზი გასულ კვირას აღმოიფხვრა. Starlink კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, რადგან ეს ერთადერთი სისტემაა, რომლის ჩახშობა ან განადგურება შეუძლებელია - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. თუ Starlink-ს გათიშავენ, უკრაინის ფრონტი მყისიერად ჩამოიშლება. ეს მუქარა კი არა, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
მისი თქმით, Starlink-მა გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაშიც, რომ ომის პირველ დღეებში რუსეთმა უკრაინის დაკავება ვერ შეძლო. მასკის განცხადებით, იმ დროს კავშირის ყველა სხვა საშუალება რუსეთის მიერ განადგურებული ან ჩახშობილი იყო.