აშშ-ის სამხედროებმა ფლორიდაში, პალმ-ბიჩის თავზე, სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენცია „მარ-ა-ლაგოს“ მიმდებარედ მოქმედი ფრენის დროებითი შეზღუდვის ზონაში შევიდა.
ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა (NORAD) განცახდებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
NORAD-ის ცნობით, ინციდენტი 24 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:20 საათზე მოხდა. სამოქალაქო თვითმფრინავის გადასაჭერად სამხედროებმა F-16 ტიპის გამანადგურებელი გამოიყენეს.
სამხედრო თვითმფრინავმა სტანდარტული მანევრი შეასრულა, რათა სამოქალაქო საჰაერო ხომალდის პილოტის ყურადღება მიეპყრო. ამის შემდეგ პილოტი სამხედროებს დაუკავშირდა, მათი მითითებები შეასრულა და შეზღუდული საჰაერო სივრცე დატოვა.
სარდლობის განცხადებით, თვითმფრინავმა შეზღუდული ზონა უსაფრთხოდ, ფრენის ინსტრუქციების სრული დაცვით დატოვა.
NORAD-მა პილოტებს შეახსენა, რომ აფრენამდე ფრენის შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ. უწყების განმარტებით, დროებითი შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ პილოტს შესაძლოა ფედერალური უწყებების წარმომადგენლები დახვდნენ და სამართლებრივი ზომები მიიღონ.
ფლორიდაში, პალმ-ბიჩში, მდებარეობს დონალდ ტრამპის რეზიდენცია „მარ-ა-ლაგო“, რომლის თავზეც უსაფრთხოების მიზნით საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს.