იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილება ეძლევა ბრძანების საფუძველზე ნორმატიული აქტები განსაზღვროს, რომელსაც სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზა არ ჩაუტარდება. ამის შესახებ ცვლილება შედის "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი ზვიად კუკავა განმარტავს, ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ადრე არ იყო ჩანაწერი, რომელიც იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილებას ეძლევა თავისი ბრძანებით ნორმატიული აქტების გარკვეული გამონაკლისები განსაზღვროს, რომელზეც უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზა არ იქნება საჭირო.
"არის ბევრი ისეთი აქტი, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის გაცემულია და ა.შ. მისი მნიშვნელობის სიმცირის გამო, ასევე იმის გამო, რომ აქ არ შეიძლება ვეძებოთ დიდ და მნიშვნელოვანი დარღვევების არ საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარებას", - განმარტა კუკავამ.
დეპუტატის თქმით, იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია, რომ მათი მხრიდან დაცული იქნას ყველა ის ნორმები რაც საჭიროა ნორმატიული აქტის გამოსაცემად, იუსტიციის სამინისტროს ეძლევა ასევე საშუალება მიმართოს სასამართლოს ან აქტის გამომცემ პირს ან მის ზემდგომ პირს ნორმატიული აქტის შეჩერების ან გაუქმების შესახებ, როდესაც არაუფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ ნორმატიული აქტი გამოცემულია დარღვევებით ან ის კანონს ეწინააღმდეგება.
"სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში კი სახელმწიფოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს", - დასძინა კუკავამ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ის შემთხვევები, როდესაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მისი უწყების სამართლებრივ ექსპერტიზას არ საჭიროებს, მიმდინარე წლის 1 მაისამდე უნდა განსაზღვროს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში კი ნათქვამია, რომ პროექტის მიზანია კონკრეტული დარგის სპეციფიკურ, ტექნიკურ რეგულირებასთან და შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის უზრუნველყოფის ვალდებულებაზე გამონაკლისის დაშვება.
პროექტის ავტორები დეპუტატები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.