სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, ე.წ. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ვასილჩენკო დაინიშნა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ვასილჩენკო ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობას წარუდგინა.
"მრავალ ჩვენს მოქალაქეს აქვს განცდა, რომ მძიმე დღე წარსულს ჩაბარდა და ეს მართლაც ასეა. უპირველეს ყოვლისა საუბარი მიდის ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოებაზე და დღეს ყოველივე ამას თქვენც გრძნობთ", _ განაცხადა ბაღაფშმა სამხედრობის მიმართვისას და აღნიშნა, რომ "სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მობილური, პროფესიონალური და მძლავრი არმია შექმნას, რომლის საფუძველიც ჩვენი რეზერვისტები იქნებიან".
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია აფხაზური ე.წ. არმიის ლიკვიდაციის შესახებ.
"მოარული ხმები არმიის ლიკვიდაციის შესახებ უსაფუძვლოა", _ განაცხადა ბაღაფმა და აღნიშნა, რომ "რუსეთი აფხაზეთის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება და ჩვენ ერთად ვიდგებით ყველა საქმეში".
ვლადიმერ ვასილჩენკომ ამ თანამდებობაზე ანატოლი ზაიცევი შეცვალა. ადრე ვასილჩენკო ციმბირის სამხედრო რაიონულ ოლქის ოპერატიული სამმართველოს შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.