თბილისში დაფუძნდა საქართველოს ხელოვან შემსრულებელთა საზოგადოება, რომლის პრეზენტაცია დღეს, 29 მარტს 15:30 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება.
საზოგადოება წარმოადგენს და დაიცავს შემსრულებელთა უფლებებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საზოგადოების მიზანია ქართულ ბაზარზე დისტრიბუციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ლიცენზირებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა. საზოგადოება ასევე იზრუნებს შემსრულებელთა უფლებების არალეგალური გამოყენების აღკვეთასა და შემდგომ პრევენციაზე.
საქართველოს ხელოვან შემსრულებელთა საზოგადოება დაფუძნდა ქართველი მომღერლების, მსახიობების, ხელოვან-შემსრულებლების მიერ.
საზოგადოების დამფუძნებლები არიან: მერაბ სეფაშვილი, დავით გომართელი, დუტა სხირტლაძე, ლელა წურწუმია, სოფო ხალვაში, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, გიგი დედალამაზიშვილი, ეკატერინე მამალაძე, ვახო ბაბუნაშვილი, რუსკა მაყაშვილი და გიგა კობალაძე.
პრეზენტაციას გამართავს ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი გიგა კობალაძე.
ხელოვან შემსრულებლებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან და სიტყვით გამოვლენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ``საქპატენტი`` გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე.