ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სომხეთის ხელისუფლებასთან დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მეწამორის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "როსბიზნესკონსალტინგი" იტყობინება.
შევარდნაძის თქმით, იგი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ბედით დიდად შეშფოთებულია.
"როგორც აღმოჩნდა, ეს ატომური სადგური ჩვეულებრივ პირობებში არ იმყოფება და იქ უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს, რაც რეალურად მთელ რეგიონს ემუქრება",_აღნიშნა შევარდნაძემ.
მისი თქმით, ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები აწარმოოს და სავარაუდო ტრაგედიის ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს.
შეგახსენებთ, სომხეთის რეგიონში ერთადერთი ატომური ელექტროსადგური მოქმედებს, რომელიც ქალაქ მეწამორთან არის განლაგებული. ატომური ელექტროსადგური ერევნის სამხრეთით 20-30 კილომეტრითაა დაშორებული.
მეწამორის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 1976 წელს შევიდა. დღესდღეობით იქ მხოლოდ სომხეთის ატომური სადგურის მეორე ბლოკი ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრეც 407, 5 მეგავაიტია.
ევროკავშირი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის კონსერვაციას მოითხოვს და მზადაა, ამისთვის 200 მილიონი ევრო გამოყოს. თუმცა ალტერნატიული წყაროს მოძიება და სადგურის დახურვის ვადები პრობლემად რჩება. სომხური მხარის მტკიცებით, პრობლემას მოხსნიდა ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება, რაც სომხეთს 2-5 მილიარდი დოლარი დაუჯდება.