ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი მუხიანში ახალგორიდან დევნილ ბერიაძეების 8-სულიან ოჯახს ესტუმრნენ. ახვლედიანის თქმით, პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს კობა სუბელიანმა მოიტყუა, რომ ბერიაძეების ოჯახმა მიიღო 10000-დოლარიანი კომპენსაცია.
"მაშინ, როდესაც კობა სუბელიანი პარლამენტის წინაშე გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ დევნილი ოჯახების უმრავლესობა კომპენსაციით არის დაკმაყოფილებული, მე დავაყენე ბატონი გივი ბერიაძის 8 სულიანი ოჯახის საკითხი. როგორც სუბელიანმა თქვა, ამ ოჯახს უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია და აქეთ დამადანაშაულეს სიცრუეში. აი თქვენთან ერთად ახლა მოვედი და ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არ არიან დაკმაყოფილებულები. მათ ეუბნებიან, რომ 8 სულიანი ოჯახს კიდევ ორი-სამი წევრი დაუმატონ და შემდეგ, შესაძლოა, დადგეს ფინანსური კომპენსაციის გაცემის საკითხი. ეს ისეთი დანაშაულია, რომლის გამოც სუბელიანი მინისტრად აღარ უნდა მუშაობდეს. საერთოდაც, სუბელიანი ისეთ სამსახურში არ უნდა მუშაობდეს, სადაც ადამიანებთან ურთიერთობაა საჭიროა. მას ამის უნარი არა აქვს", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ოჯახის უფროსის გივი ბერიაძის განცხადებით, ხელისუფლებამ შესთავაზა კოტეჯში გადასვლა, თუმცა ოჯახის წევრთა სიმრავლის გამო მათ კოტეჯის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია მოითხოვეს. კომპენსაციის მეშვეობით ოჯახი აპირებდა რომელიმე სოფელში სახლის ყიდვას, სადაც ყველა დაეტეოდა. თუმცა კოტეჯის ჩაბარებას ხელისუფლების მხრიდან კომპენსაციასთან დაკავშირებული არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.