შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის განცხადებით, საქართველოში მედიკამენტებზე ფასები 30-40% შემცირდა.
როგორც ურუშაძემ დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატებზე განაცხადა, მედიკამენტებზე ფასების შემცირება ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, რომელმაც კონკურენციის გაზრდას შეუწყო ხელი.
"ბევრ აფთიაქში არის 30-40% ფასდაკლებაა, რაც არა სარეკლამო ხერხი, არამედ კონკურენციის შედეგია. ყველა უბანში, სადაც ახალი აფთიაქი გაჩნდა, ტრადიციულმა აფთიაქებმა მედიკამენტების გაიაფების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა ახალ აფთიაქებთან კონკურენცია შეენარჩუნებინათ", - აღნიშნა ურუშაძემ.
მან დეპუტატებს კონკრეტული მედიკამენტები დაუსახელა - აიფონი 28% გაიაფდა, ნიმესილი - 51%, პროდუქტალი - 48%, ანალგინი - 45%, ასევე გაიაფდა დიაბეტონი, კეტონალი და სხვა მედიკამენტები.
რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, მინისტრის თქმით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მხოლოდ იმ მედიკამენტების შემოტანაა გაიოლებული, რომლებიც ევროპულ ბაზარზეა დარეგისტრირებული.
ამასთან, ურუშაძის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან წამლებზე ზღვრული ფასების შემოღება არალეგალური ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
"ხელმისაწვდომი იქნება არა ხარისხიანი, არამედ კონტრაბანდული მედიკამენტები", - მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრს.