სამოქალაქო მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
"ეს იყო მორიგი უსამართლო და უკანონო განაჩენი, რომელიც გამოტანილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი დემეტრაძის მიმართ, ისევე როგორც ძალიან ბევრ ადამიანს, მეც ვარ დარწმუნებული რომ გიორგი დემეტრაძე უდანაშაულოა და მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს ვერდიქტი შორს არის სამართლიანობისა და კანონიერებისგან", - ნათქვამია ბესელიას მოძრაობის განცხადებაში.
მისივე განმარტებით, სასამართლოს არგუმენტი რომ ,,სასამართლომ განსასჯელები დამნაშავედ სცნო წარგენილ ბრალდებაში და დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, განსაზღვრა დანიშნული სასჯელის ზომა" ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და კიდევ ერთხე ახსენებს საზოგადოებას რომ მყარად ფეხმოკიდებულია საქართველოში შერჩევითი მართლმსაჯულება.
"გიორგი დემეტრაძის ბრალდების ძირითადი მასალა აეგო გამოქვეყნებული, არაფრისმთქმელი სატელეფონო საუბრების შინაარსზე, რაც სასამართლომ მიიჩნია სარწმუნოდ დანაშაულის ჩადენის თვალსაზრისით, თუ ასეთია ქართული სასამართლოს მსჯავრის დადების სტანდარტი, რატომ არ არის გასამართლებული დღემდე ნაციონალი დეპუტატი გივი თარგამაძე იმ ცნობილი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც გაცილებიც მძიმე დანაშაულებრივ ფაქტებს ეხებოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ ფეხბურთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.