ევრპოპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, თუკი ნატო საქართველოს საკითხზე რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, მის არსებობას აზრი აღარ ექნება და მისი წევრობით აღარც საქართველო იქნება დაინტერესებული.
"აშშ-სა და რუსეთს შორის თამაში მიმდინარეობს და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი მათ შორის აღმოჩნდა, მაგრამ ნატოს შეუძლია დაუშვას რომ რუსეთმა საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება დაბლოკოს? მაშინ გამოდის, რომ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი არა მარტო არადემოკრატიული რუსეთის გავლენის ქვეშ ექცევა, არამედ ემორჩილება კიდეც მის სურვილებს. ასეთ შემთხვევაში, რა აზრი აქვს ნატოს არსებობას? ასეთ შემთხვევაში ჩემი ქვეყანაც არ იქნება დაინტერესებული ნატოს წევრობით", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართული დებატებისას.
აღნიშნულის კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ ნატომ მტკიცედ უნდა დააფიქსიროს საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილების შეუქცევადობა ყველა მომდევნო სამიტზე და თქვას, რომ რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს ამ აზრს შეეგუოს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ევროკავშირში, რასთან დაკავშირებითაც ბარამიძემ სემინარის მონაწილეებისგან კონკრეტული შეკითხვები მიიღო, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა უფრო ადვილია.
"ნატოში გაწევრიანება უფრო ადვილია. ევროკავშირში შესვლას მეტი დრო სჭირდება", - დასძინა ბარამიძემ.