ექსპერტ გია ნოდიას შეფასებით, საქართველოს ასეთი ეფექტური მთავრობა დავით აღმაშენებლის მეფობის შემდეგ არ ჰყოლია.
"ახლა ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც 21-ე საუკუნის სტანდარტებსაა მორგებული. ის საკმაოდ ეფექტურია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ეფექტური მთავრობა ქვეყანას მე-12 საუკუნის შემდეგ არ ჰყოლია", - განაცხადა ნოდიამ დღეს, ნატოს საპარლამენტო ასამბელის როუზ-როსის 76-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.
აღნიშნულის მიუხედავად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის დეფიტი არსებობს, რაც სამი მიზეზითაა განპირობებული.
"პირველი, ესაა პერსონალიები. მაგალითად, ხალხი ამბობს, რომ სააკაშვილი არის დიქტატორი და ესაა პრობლემის ძირითადი ბირთვი (თუმცა მე ასე არ ვფიქრობ), მეორე - საუბარი იმაზე, რომ რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება (ამ მოსაზრების მიმართაც ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი) და მესამე - კონსტიტუცია, რომელიც არ იყო საკმარისად დემოკრატიული (თუმცა ახლა ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია, ვინაიდან ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებით ის დემოკრატიულ სტანდარტებს დაუახლოვდა)", - განმარტა ნოდიამ.
გარდა ამისა, მისივე შეფასებით, საქართველოს დემოკრატიას სისტემური პრობლემები აქვს, რაც უპირველესაც ინსტიტუციების არადემოკრატიულობას გულისხმობს.
"მართალია, ეს ინსტიტუციები თანდათან შენდება მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ საკმარისად დემოკრატიული არ არის. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დემოკრატიულ საქართველოს ერთ ღამეში, ჯადოსნური ჯოხის გამოყენებით ვერ ავაშენებთ", - განმარტა ექსპერტმა,
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი თბილისში გუშინ გაიხსნა და ხვალ, 25 მარტს დაიხურება.