ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბალიანი "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი მაგდა ანიკაშვილის შენიშვნებს დევნილების სამედიცინო ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით იზიარებს.
ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე სუბელიანმა სამთავრობო დებატებზე განაცხადა.
სუბელიანის თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ მთავრობამ ხალხი კარვებიდან სამ თვეში აშენებულ კოტეჯებში გადაიყვანა, შესაბამისად, ზოგმა კოტეჯმა გაშრობა ვერ მოასწრო, მაგრამ მთავარი იყო, რომ დევნილები კარვებში აღარ იყვნენ.
"კომპეტენტური შენიშვნა იყო, მაგრამ დღის განმავლობაში დევნილებს სამჯერ, რომ დავურიგებდი საკვებს თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ამ სახლებში ხალხი შევასახლეთ, მაგრამ მაჩვენეთ აბა რომელი სახლი ინგრევა ან დაინგრა. მართალია ხარვეზები იყო, თუმცა ხარვეზი და ნგრევა განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც შეეხება სამედიცინო ხელმისაწვდომობას, ყველა დევნილს მიუწვდება ხელი'', - მიმართა ანიკაშვილს სუბელიანმა.
ამასთან, მინისტრმა ანიკაშვილს ბავშვთა კვების საკითხზეც უპასუხა და განაცხადა, რომ დევნილებს 2008 წლიდან ურიგდებოდათ ბავშვებისთვის საკვები, თუმცა, ეს პროგრამა დაიხურა და დევნილები გადავიდნენ შემწეობებზე.