ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მტკიცებით, მას დევნილები "სმს"-ებს უგზავნიან და ამხნევენ, "ოპოზიციამ არ დაჩაგროს".
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც 2 წლის განმავლობაში სმს-ებს მიგზავნიან და მითვლიან, ოპოზიციამ არ დაგჩაგროსო. ჩემთვის ეს ნამდვილად დიდი სტიმულია", - განაცხადა კობა სუბელიანმა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მისივე განმარტებით, კანონმდებლების წინაშე გამოსვლის გამო ემოციურად იმდენად დაიმუხტა, რომ "ბვერი რამის თქმა დაავიწყდა".
"იმოციურად იმდენად დავიმუხტე, რომ ბევრი რამის თქმა დამავიწყდა... მაგრამ, მინდა ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან მივმართო დევნილებს - იდეალური ნამდვილად არ არის თქვენი მდგომარეობა, ძალიან ბევრი ოჯახი ჯერ კიდევ გაუსაძლის პირობებში იმყოფებით, მაგრამ, როგორც დანარჩენებს გავურემონტეთ ფართები, თქვენი ოჯახებისთვისაც გავაკეთებთ ახალ საცხოვრებელს, დაგირიგებთ და გაგინაწილებთ ბინებს. არც ისე შორსაა ის დრო, როცა გაგიუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები", - მიმართა სუბელიანმა მოხსენებით გამოსვლის ბოლოს დევნილებს.
ამასთან, მან სამინისტროში შექმნილ ცხელ ხაზთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ 2010 წლის განმავლობაში უწყებაში 26 ათასი ადამიანის ზარი შევიდა და ამდენივე შეკითხვას გაეცა პასუხი.
"ის ბრალდება, რომ ინფორმაციის ვაკუუმი არსებობს და არავინ არაფერი იცის, არაა სიმართლე. შეიძლება მეტის ცოდნაა საჭირო, მაგრამ ეს ის მინიმუმია, რაც შევძელით", - აღნიშნა სუბელიანმა.