რუსეთის სისტემური ანალიტიკის ინსტიტუტის მკვლევარ ანდრეი პიონტკოვსკის აზრით, საქართველოს რუსეთის გარდა ცალკე კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთანაც აქვს.
"არსებული კონფლიქტი მხოლოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე არ უნდა დავიყვანოთ. არსებობს კიდევ სხვა კონფლიქტები - აფხაზებსა და ოსებთან", - განაცხადა პიონტკოვსკიმ თბილისში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე.
მისივე განმარტებით, "საქართველოსა და აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ კონფლიქტებს კრემლი სათავისოდ იყენებს".
"კრემლს უნდა დაანგრიოს საქართველო, შეუზღუდოს მას დემოკრატიული პერსპექტივა, მაგრამ მის მიზნებს არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზებისა და ოსების სურვილებთან. კრემლი უბრალოდ ცინიკურად საუბრობს მათ საერთო მიზნებზე", - აღნიშნა რუსეთის სისტემური ანალიტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა.
აღსანიშნავია, რომ ანდრეო პიონტკოვსკის აღნიშნულ განცხადებას სემინარზევე გამოეხმაურა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აფხაზეთის, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის დაყოფა ხელოვნურად მოხდა და როგორც კი ოკუპანტი ძალა "გაქრება", ეს პრობლემა აღმოიფხვრება.
"არ ვფიქრობთ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ამჟამად პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი დაყოფა ხელოვნურად მოხდა და როგორც ოკუპანტი ძალა ამ ტერიტორიებიდან გაქრება, დაშორების პრობლემაც აღმოიფხვრება", - განმარტა ტყეშელაშვილმა.