დღეს, 24 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში"-ში ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემა იქნება "საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციები", კერძოდ, განიხილება სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საარჩევნო სისტემების მოდელები. პრეზენტაციას საბჭოს წევრი, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია წარადგენს.
შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოწვეულ სტუმრებს გააცნობს კომისიის ახალ ინიციატივას, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ფორუმის შექმნის შესახებ. ამ ეტაპზე აღნიშნული ფორუმი მხოლოდ საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საბჭოს წევრები ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ იმ თემებზე მსჯელობას, რაც საბჭოს შეხვედრებზე განიხილება. უახლოეს მომავალში საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ გვერდს ასევე დაემატება ფორუმი, ნებისმიერი დაინტერესებული ვიზიტორისათვის.
ცესკოს მიერ ჩამოყალიბებულ საბჭოს შემადგენლობაში შედიან საარჩევნო საკითხებში ჩართული პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.