პოლიტიკური რვიანი დათმობებზე წასასვლელად ხელისუფლებას ვადას მაისის ბოლომდე აძლევს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ე. წ. რვიანის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რვავე პოლიტიკური პარტია საარჩევნო გარემო გაუმჯობესების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეთიშება.
"თუ ხელისუფლება კვლავინდებურად დაიწყებს პროცესის აბუჩად აგდებას, ჩვენი შეთავაზებების აბსოლუტურად საპირისპირო წინადადებებისა და პოზიციების გაჟღერებას, მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ "არაფრისთვის" ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ამით დამატებითი საფუძველი შევუქმნათ ხელისუფლებას იმის სათქმელად, რომ ლაპარაკობს ოპოზიციასთან", - განუცხადა კაციტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება დათმობებზე წასასვლელად ხელისუფლებისთვის მიცემულ ვადებს, "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, ის ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყების პირველ ეტაპზე განისაზღვრა და გადახედვას არ დაექვემდებარება.
"ვადები მოლაპარაკებების დაწყებისთანავე განისაზღვრა. კერძოდ, ინიციატივების წამროდგენა უნდა მომხდარიყო გასული წლის ბოლომდე, მაისის ჩათვლით მხარეებს შორის კონკრეტულ საკითხებზე არსებითი შეთანხმებები უნდა მიღწეულიყო, მაქსიმუმ შემოდგომისთვის კი ეს ყველაფერი კანონმდებლობაში ასახულიყო. ეს ვადები გადახედვას არ სჭიროებს, ასე რომ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით წარმოდგენილ საკითხზე ჩვენთან არსებითი შეთანხმების მიღწევისთვის ხელისუფლებას ვადა გაზაფხულის ბოლომდე აქვს", - განმარტა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. რვიანი მმართველ გუნდთან ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ისევ აცხადებს, რომ ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პოლიტიკური ნება არ აქვს.