ადგილობრივი ტყის რესურსებით სარგებლობის შესახებ შპს "ჯორჯიან ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტ" კო-ს წარმომადგენლებმა ბაღდათისა და ვანის მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარეს. სულ გამოკითხულ იქნა 190 (ბაღდათში - 84, ვანში - 106) ადამიანი. გამოკითხულთა 60% პროცენტი სათბობად და საჭმლის მოსამზადებლად იყენებს შეშას. მათგან ამავდროულად 25% იყენებს ბუნებრივ და 10% თხევად გაზს. 55% შეშას თვითონ ამზადებს და მოაქვს, ხოლო 45% ყიდულობს და თითოეული ოჯახი წელიწადში საშუალოდ იხდის 400 ლარს (250-დან 600 ლარის ფარგლებში).
ერთი ოჯახი საშუალოდ წელიწადში მოიხმარს 6 კბმ. შეშას (5-დან 15 კბმ-დე), შეშად გამოიყენება უპირატესად ფოთლოვანი მერქნიანი სახეობები: წიფელი - 62%, რცხილა - 25%, თხმელა - 13%. გამოკითხულთა 40% მოიხმარს სამასალე მერქანს, მათგან 20% მოიხმარს სამშენებლო მასალას (ერთი ოჯახი წელიწადში საშუალოდ 1 კბმ-ს), ხოლო 20% წვრილ სამასალე მერქანს (სარი, ჭიგო, ბოძი და სხვა). - ერთი ოჯახი საშუალოდ წელიწადში 0.5 კბმ-ს.
მოსახლეობის საერთო მოსაზრებაა, რომ ტყეების დანიშნულება და გამოყენება იყოს მრავალფუნქციური - სოციალური, რეკრეაციული, დაცვითი და კომერციული დანიშნულების ტყეების მდებარეობის, მდგომარეობის და ტყის რესურსებზე მოთხოვნილების და შესაძლებლობის გათვალისწინებით.
გამოკითხულთა 10% ემხრობა ტყეების იჯარით გაცემას.