Reuters წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ამ კვირის დასაწყისში დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში, საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამო ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმები გაიგზავნა.
„უკრაინამ სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად პოკროვსკის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ალყაშია მოქცეული... ეს ოპერაცია აჩვენებს, თუ როგორ ცდილობს უკრაინა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის სტაბილიზაციისათვის, მას შემდეგ, რაც ამ თვეში ათობით რუსმა ჯარისკაცმა დაარღვია მისი პერიმეტრი“, - წერს გამოცემა.
გამოცემა, საჰაერო-სადესანტო ძალების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსის წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ უკრაინის სპეცრაზმელები რამდენიმე დღის წინ Black Hawk-ის ვერტმფრენით გადასხდნენ, ოპერაციის ფარგლებში, რომელიც რუსული დრონების აქტივობის გამო იყო გართულებული.
სააგენტო ასევე, წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ოპერაციას უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობდა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოკროვსკში, სადაც ოკუპანტები წინ მიიწევენ, ვითარება მძიმეა, რადგან იქ მტრის 170 000 ჯარისკაცია კონცენტრირებული.
