ხიდჩატეხილობისგან ხელისჩაკიდება ვერ გვიხსნის, მაგრამ მაინც ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელები... ხელისგულებს სხვა ძალა აქვთ... ხელისგულები იშვიათად ტყუიან... ხელისგულებს აქვთ უნარი, "ხიდჩატეხილობის" მიუხედავად, სიცოცხლის ხაზებით დაგვაკავშირონ ერთმანეთთან.
გულგატეხილობისაგან ხელისჩაკიდება ვერ გვიხსნის, მაგრამ მაინც ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელები...
ხელისგულები გულისკენ მიმავალ გზას "გაგიკვალავენ". ხელისგულებს აქვთ უნარი სითბო მიიღონ, ან სულაც გასცენ... ხელისგულები იშვიათად ტყუვდებიან...
ჩაკიდეთ ერთმანათს ხელები...გაეცით და მიიღეთ სითბო, ენერგია, მიიღეთ ძალა, ხელისგულიდან ხელისგულზე გადასული და "ხიდაჩტეხილობიდან" და გულგატეხილობისგან გამოწვეული სევდა და კაეშანი გაიქარვეთ...
ხელისგულებს აქვთ უნარი შთაგაგონოთ, რომ გულგატეხილობასა და ხიდჩატეხილობას ისევ ხელჩაკიდებულობა აქარწყლებს და ამარცხებს...
ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელები და შექმენით "ჯაჭვი", ყველა რგოლს საერთო მიზანი აქვს, ეს უკვე ბევრს ნიშნავს... იმღერეთ "საქართველოო ლამაზო" და გჯეროდეთ, რომ მთავარია ხელისგულები ჩაჭიდოთ ერთმანეთს... მთავარია, რომ შეკრათ "ჯაჭვი"...
"ჯაჭვი" - მიწისთვის, და "ჯაჭვი" - ზეცისთვის, "ჯაჭვი" - ჯაჭვბის ასაწყვეტად(!)
•
ბევრი უცნაური რამ ხდება ჩვენს თავს და დროა ალბათ, ამ პირობით "უცნაურობებს" თავისი სახელი დავარქვათ.
ამ უძველეს, ოდესღაც უძლეველ ქვეყანაში, დღეს ცოტაღა თუ გრძნობს თავს საკუთარ სამშობლოში. ცოტასღა თუ აქვს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების ჯილდოცა და სასჯელიც მემკვიდრეობად ერგო...ცოტაღა თუ გრძნობს თავს ვაჟას და ილიას შთამომავლად, ცოტასღა თუ ესმის სამშობლოს არსი და დანიშნულება...
ჩევნ მართლა დავიკარგეთ საკუთარ თავში და ქვეყანაში, დავიკარგეთ და თანაც ისე ღრმად და შორეთში, რომ დაგვავიწყდა - "გზა" სახლისკენ, გზა მამულისკენ, გზა სამშობლოსკენ(!)
"გზააბნეულებს" არ გვყავს მეგზური უფლისა და საკუთარი გენების გარდა...
ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელშია.
ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ - მას ჩვენ მივეცით ყველაფერი, რაც რამ გვებადა, საკუთარუ სიცოცხლისა და მომავლის ჩათვლით...
მივეცით რადგან, მონობიდან გამოსულ მონებს, კვლავ მონობისკენ "მიგვიწევდა" სული და გული...
რა თქმა უნდა, გაუაზრებლად, ქვეცნობიერად...
ცნობიერში კი, თავისუფლების მებაირახტეთ მოგვქონდა თავი და "ხონჩაზე" დალაგებულ დემოკრატიას, ტახტრევანზე წამოგორებულები ზმორებ-ზმორებით ველოდებოდით(!)
ხელისუფლებამ იცის, თუ როგორ უნდა გვმართოს და შეგვადუღაბოს "მასოვკის" სახით, როცა ეს მას ძალაუფლების განსამტკიცებლად და არჩევნებში გასამარჯვებლად სჭირდება; მაგრამ ისიც კარგად იცის, თუ როგორ უნდა დაგვშალოს, გაგვათითოკაცოს და "მარტივ მამრავლებად"გვაქციოს, როცა მისივე ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი უკმაყოფილება პიკს აღწევს და ჩვენც, რიგითი მოკვდავები და მოქალაქეები, ერთმანეთთან და საერთო აზრთან მისასვლელ გზებს ინერციით ვეძებთ...
ინერციით ვეძებთ, რადგან ჩვენი პროტესტი გააზრებული, ჩამოყალიბებული და საღ აზრად გამობრძმედილი კი არა, ჯერ კიდევ ინსტიქტების დონეზეა განვითარებული...
•
მაგრამ ვინ ვართ ჩვენ?!
გრაალის მცველები, რომლებსაც ტუსაღობის გეშინია?
თუ სირაქლემები, ადამიანებად დაბადებულები?
ვინ ვართ ჩვენ, უკანასკნელი მეომრებისა და მეციხოვნეების შთამომავლები, თუ კარის კაცები, ლაქიები და მეფის მასხარები?
ვინ ვართ ჩვენ, ქართველებად და ქართველ ერად წოდებულები?..
სად, რომელ კუნძულზე და კონტინენტზე, რომელ საუკუნეში, რომელი ქვეყნის ვასლობისას დაგვიჩლუნგდა ხმალი და გონება?
სად მოედო ჩვენს გენს "ჟანგი" და მძორში სისხლი სად "დაგვიობდა"?
რატომ გვაშინებს ასე ძლიერ ხელისუფლება?! ვინ, ვის ღალატობს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია(!)
საკითხავია ჯერ კიდევ ისაც, გვაქვს თუ არა, დღეს სახემწიფო? და მის ღალატად რად ითვლება მათი ღალატი, ვინც მას ღალატობს?..
საკითხავია, ბევრი რამე საკითხავია...
მათ შორის ისიც, თუ "აქედან" როგორ გავიდეთ, რომ ერთხელ კიდევ არ დაიღვაროს ქართული სისხლი - "ქაფითად ჯამში, ჯამიდან თასში" გადასული...თუნდაც დაღვრილი და არამ ყლუპად გადაქცეული...
•
არადა, რა უხვი იყო დაპირებები "მოსვლამდე" და რა სწრაფად, პირველ თოვლზე სწრაფად გადნა "სახალხო" იმედი, "მოსვლის" შემდეგ...
დასაწყისს, თუ სკეპტიკოსებისა და ნიჰილისტების მოსაზრებებს არ ჩავთვლით, მუდმივად ახასიათებს აღმაფრენა, აღტკინება და უკიდეგანო ფანატიზმი.
დასასრულს კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მუდამ იმედგაცრუება,განხიბლვა და გულგატეხილობა ახლავს თან...
არსებობს ისეთი დასასრულიც, რომელიც "დასრულების" შემდეგაც არ სრულდება თითქოს და ჩვენც, სწორედ ამ დაუსრულებელი დასასრულის მომსწრენი ვართ ამჟამად.
დასასრულს მიაუახლოვდა ჩვენი მოთმინება, დასრულდა ჩვენი მოტყუებისა და გაბიტურების ეტაპი, დასრულდა ჩვენი გულუბრყვილობა, მიამიტობა და უგნურება, მაგრამ არადა არ სრულდება ხელისუფლების სიცრუის "პოლიტიკური არაკი"(!)
არ სრულდება მისი ფლიდობა და ძალმომრეობა...
არ სრულდება მისი ხელისუფლებაში ყოფნის აწ უკვე დასრულებული, მაგრამ მაინც დაუსრულებელი ხანა...
•
არადა, რა შორიდან მოვდივართ...
მოვდივართ ათას ომგადახდილები, ათასგზის დაჭრილები და სისხლდაღვრილები...
მოვდივართ მხრებში გაშლილები, დავრდომილები და ბრძოლის ველზე დაცემულები...
მოვდივართ სვენებ-სვენებით, ხოხვითა და ფორთხვით...
მოვდივართ ბოლო ამოსუნთქვამდე ამაყები და გამარჯვების იმედებს მუზარადივით ვიფარებთ მკერდზე...
მოვდივართ დამარცხებულებიც, მაგრამ მაინც გამარჯვების ყიჟინას აყოლილები...
მოვდივართ ნაშამქორალები,ნადიდგორალები და შადიმანის ღალატი მძიმე ცოდვად გვაწევს მხრებზე...
მოვდივართ თამარ მეფესთან, სამას არაგველთან, ცოტნე დადიანთან და ილია მართალთან ერთად...
მოვდივართ ნუსხურიდან, ასომთავრულიდან, ყინწვისიდან და ალავერდიდან...
მოვდივართ დავით აღმაშენებლისგან, დემეტრე თავდადებულისგან, პატარა კახისგან...
მოვდივართ ათას ომგადახდილები, ათასგზის დაჭრილები და სისხლდაღვრილები...
მოვდივართ გარდაცვლილები, მკვდრეთით აღღმდგრები და გმირობის შარავანდედით მოცული ზეციური საქართველოდან...
მოვდივართ დაღლილი გენით, დაღვრილი სისხლით და მაინც, შეუსვენებლად, მარავალჟამიერით მოვაბრძანებთ "სახარებასა" და "ვეფხისტყაოსანს"...
მოვდივართ მაცხოვრის კვართითა და წმინდა ნინოს ჯვრით ხელში და სულო ცოდვილო!....მოდი და ნუ გეტკინება, მოდი და ნუ გამწარდები, მოდი და ნუ გაწბილდები და ნუ დაიკბენ სიმწრით იდაყვებს - წინ დღევანდელი საქართველო დგას!...
მოდი და ნუ იღრიალებ მთელი სამყაროსა და დედამიწის გასაგონად, რომ არ გინდა!... არ გეთმობა!...არ გემეტება!...
•
რით, ან როგორ უნდა უშველოს ქვეყანას კაცმა, როცა მას მენტალური ბარბაროსები და პოტენციური თემურ-ლენგები მართავენ(?)
როგორ, ან რა ძალებით უნდა იხსნა სამშობლო მათი "კლანჭებიდან" და ანომალიური წარმოსახვებიდან, როცა სახლ-კარისა და მოკეთის უფლებებს ვინ ჩივის, საკუთარი თავი და სიცოცხლეც ვერ დაგიცვია ჯეროვნად...
როგორ გინდა აუხსნა, ან აიძულო ამ ხალხს იმის გაგება, რომ ეს ქვეყანა მათი ხელისუფლებაში მოსვლით არ აშენებულა და მით უფრო არ დაინგრევა მათი ხელისუფლებიდან წასვლით(!)
როგორ უნდა ვიხსნათ მათი მონობისაგან ან ქვეყანა, ან საკუთარი თავი, როცა ხვალინდელი დღის შიშს ისე ვყავართ შეპყრობილები, რომ იმ შიშის იქეთ ვეღარც თავს ვხედავთ და ვეღარც ქვეყანას...
ხელისუფლების მიერ ყოველ გალაწუნებულ სილაზე ჩვენ ზუსტად ისე ვრიაგირებდით, როგორც ლუკმაპურს დანატრებული ძაღლები დაუნდობელი პატრონის დანახვაზე(!)
ხელისუფლების მიერ ამორტყმულ პანჩურზე ჩვენ ზუსტად ის რეაქცია გვქონდა, რა რეაქციაც აქვთ ხოლმე მუდამდღე ცარიელ ბაგაზე საბელით მიბმულ პირუტყვს ჩაწიხვლისას(!)
თუმცა ან ძაღლს რას "ვერჩით", ან ოთხფეხა რქოსანს, როცა "ლაბა" ხარიც პირუტყვი იყო და ვინ იცის, იქნებ მას პირტუტყვად ქცეულ ადამიანზე მეტადაც "აწუხებდა" მონობის უღელი(?)
•
არადა, რა შორიდან მოვდიოდით...
მოვდიოდით ათას ომგადახდილები, ათასგზის დაჭრილები და სისხლდარვრილები...
მოვდიოდით ბოლო ამოსუნთქვამდე ამაყები და გამარჯვების იმედებს მუზარადებად ვილაგებდით მკერდზე......
მოვდიოდით დამარცხებულებიც, მაგრამ მაინც გამარჯვების ყიჟინას აყოლილები...
მოვდიოდით მეომრებად, მეციხოვნეებად, გრაალის მცველებად, მაგრამ ამ ფარატინა ქაღალდის "კედლად " არმართულმა ხელისუფლებამ რა ცუდ დროს შეგვაყოვნა ტუსაღობის შიშით!..
"ხიდჩატეხილობისგან" "ხელჩაკიდება" ვერ გვიხსნის, მაგრამ მაინც ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები...
"გულგატეხილობისაგან" "ხელჩაკიდება" ვერ გვიხსნის, მაგრამ მაინც ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები...
ხელისგულებს სხვა ძალა აქვთ...ხელისგულები იშვიათად ტყუვდებიან...
ხელისგულებს აქვთ უნარი სიცოცხლის ხაზებით გვაპოვნინოს ერთმანეთი(!)
ხელისგულები გვიკვალავენ გულებისაკენ მიმავალ გზებს...ხელისგულები გასცემენ და იღებენ სითბოს...
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები და შევკრათ "ჯაჭვი"(!)
"ჯაჭვი" - მიწისთვის, "ჯაჭვი" - ზეცისვის, "ჯაჭვი" - ჯაჭვების ასაწყვეტად!..
მოდით, მოიკრიბეთ ძალა, თუნდაც უკანასკნელი და ხვალინდელი დღის სამყოფი... გამაგრდი, გაკაჟდი, ნუ შედრკები და ნურც შეყოვნდები...
გადაიარე!.. გზა გაგრძელე!.. გადაიარე!..
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი