12 ნოემბრის დილას სანქტ-პეტერბურგში ავტომობილი აფეთქდა. რუსული მედიის ცნობით, მანქანას პოლკოვნიკი მართავდა, რომელიც აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა, რომ პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უწყებას მისი სამხედრო წოდება არ დაუკონკრეტებია.
გამოძიებამ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამართალდამცველები აფეთქების ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ
ავტომობილის აფეთქებისა და სამხედრო პირის დაღუპვის შესახებ Telegram-არხმა „მეგაპოლისმა“ გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა „ფონტანკა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დაღუპული პოლკოვნიკი იყო.
ТАСС-მა სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია პირის დაღუპვის შესახებ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ის სამხედრო.
გამოცემა „ფონტანკას“ ცნობით, პოლკოვნიკი შუშარის დასახლებაში მდებარე სახლიდან გამოვიდა, ავტომობილში ჩაჯდა და ეზოდან გასვლა დაიწყო. ამ დროს მანქანის ძირზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს. სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა.
Telegram-არხ Exilenova+-ის წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული ავიაციის პოლკოვნიკი იყო.