გერმანიის პოლიციამ ბელარუსის ორი მოქალაქე გერმანიაში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ დივერსიების დაგეგმვასა და რუმინეთში თავდაცვის საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ Der Spiegel წერს.
გამოცემის თანახმად, დაკავებულები რკინიგზის ლიანდაგებისა და ელექტროგადამცემი ხაზის მახლობლად მდებარე ტერიტორიისთვის ცეცხლის გაჩენას გეგმავდნენ.
39 და 50 წლის პირები ოქტომბრის დასაწყისიდან პატიმრობაში იმყოფებიან. პარალელურად, მათ საქმეს რუმინეთის უსაფრთხოების სამსახურებიც იძიებენ. რუმინული მხარის ინფორმაციით, ბელარუსები, სავარაუდოდ, 14 სექტემბრის ღამეს ქალაქ ბრაშოვში მდებარე სამრეწველო პარკისთვის ცეცხლის წაკიდებაში მონაწილეობდნენ. ამ ტერიტორიაზე თავდაცვის საწარმოც მდებარეობს, რომელიც ყუმბარმტყორცნებსა და საბრძოლო მასალებს აწარმოებს.
რუმინეთის დაზვერვის მონაცემებით, ბრალდებულები დივერსიულ ქსელში შედიან, რომელსაც მოსკოვი მართავს.
გერმანიის მხრიდან გამოძიებას ბავარიის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური სამმართველოს სპეციალისტები აწარმოებენ. ბელარუსებს, სხვა ბრალდებებთან ერთად, დივერსიის მიზნით აგენტურ საქმიანობასა და ცეცხლის წაკიდების მიზნით შეთქმულებას ედავებიან.
ბრაშოვში საწარმოზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, ბავარიაში დაკავებული ბელარუსების მიმართ ბუქარესტის სასამართლოს მიერ გაცემული ევროპული დაკავების ორდერებიც მოქმედებს.
ორშაბათს პოლონეთში კიდევ ერთი პირი, უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ბრაშოვში ცეცხლის გაჩენის მცდელობაში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა 26 ოქტომბერს დივერსიული ქსელის გამოვლენის შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, ქსელი რუსეთიდან იმართებოდა და 14 სექტემბერს ბრაშოვში, იარაღის მწარმოებელ Carfil-ის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის მცდელობასთან იყო დაკავშირებული.
27 ოქტომბერს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუქარესტში რუსეთის ელჩი დაიბარა, რათა Carfil-ის საწარმოზე დივერსიის მცდელობის შესახებ განმარტებები მიეღო. რუმინული მხარის მტკიცებით, ამ ინციდენტის უკან რუსეთიდან მართული ქსელი იდგა.