პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკას განცხადებით, ქვეყანა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მორიგი პარტიის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.
ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ იარაღის შესაძლო გადაცემის საკითხი, პირველ რიგში, პოლონეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს.
ამასთან, მისი თქმით, ვითარების შეფასებაზე გავლენას ახდენს ბოლო დროს მომხდარი ინციდენტი, როდესაც რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
სობკოვიაკ-ჩარნეცკას განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ამჟამად უფრო მეტად უკრაინისთვის რაკეტების მორიგი პარტიის გადაცემისკენ იხრება.
„მას ურჩევნია, ასეთი რაკეტა უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდონ, ვიდრე ის ჩვენთან შემოფრინდეს“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მინისტრის მოადგილემ უპასუხა: „ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება“.