რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონების თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია ქალაქის მერის, ანდრეი კრავჩენკოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“, - ნათქვამია კრავჩენკოს განცხადებაში.
ამასთან, გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ასეულმა დრონმა ყუბანს შეუტია. ნოვოროსიისკში დაიღუპა ბავშვი და რვა ადამიანი დაშავდა. თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები ანაპაში, გელენჯიკსა და თემრიუკის რაიონში.
გასულ ღამეს, უკრაინამ კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. დრონების სამიზნე ნოვოროსიისკის პორტი, ნავთობტერმინალი და სამხედრო ნავსადგური იყო.
Reuters-ის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა.