რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კუნძულ სახალინზე ჩავიდა, რათა რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნით ეტაპს დასწრებოდა. მან ამ რეგიონში რუსეთისთვის არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა და მორიგი მუქარებიც გააჟღერა.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ქალაქ იუჟნო-სახალინსკში ჩავიდა, შემდეგ კი სარაკეტო კრეისერ „ვარიაგზე“ იმყოფებოდა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, აქ კონფლიქტური პოტენციალი იზრდება. აქ NATO აღწევს, იქმნება ახალი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები, განთავსებულია და იგეგმება ახალი შეიარაღების სისტემების განთავსება, რომლებიც რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა მან.
პუტინის თქმით, დაძაბულობა იზრდება მეზობელ არქტიკულ ზონაშიც ჩრდილოეთის საზღვაო გზის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითები უკრაინის ომში „გაბედულად და პროფესიონალურად მოქმედებენ“ და, მისი მტკიცებით, „არ არსებობს ისეთი საბრძოლო ამოცანა, რომლის შესრულებაც წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ქვეითებს არ შეუძლიათ“.
მან ასევე გაიხსენა, რომ იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაზე მისი თავდასხმის გამო დააწესა, თუმცა დასძინა, რომ რუსეთი, მისი მტკიცებით, „იაპონიას საფრთხეს არ უქმნის“ და „მოსკოვს ტოკიოს მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს“.
„იაპონიას აქვს პრეტენზიები რუსეთის მიმართ კურილის კუნძულების გამო, თუმცა ისინი საერთაშორისო დოკუმენტებით რუსეთს აქვს მიკუთვნებული, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეალობა“, - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე დაიმუქრა, რომ „რუსეთი სარკისებურად უპასუხებს, თუ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის სავაჭრო გემების დაკავებას დაიწყებენ“.
„რუსული სავაჭრო გემების დაკავებას რუსეთი სარკისებურად უპასუხებს არა მხოლოდ იმავე აკვატორიებში, არამედ ნებისმიერ ადგილას, მათ შორის წყნარ ოკეანეშიც“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა.