უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 აგვისტოს ღამით ლუჰანსკის ოლქის მარივკის რაიონში რუსეთის უპილოტო სისტემების დანაყოფის პირადი შემადგენლობის დისლოკაციის ადგილს დაარტყეს, ასევე მტრის სხვა ობიექტებიც გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
გენშტაბის ცნობით, დარტყმის სამიზნე გახდა ასევე „გერანის“/„გერბერის“ ტიპის დამრტყმელი უპილოტო აპარატების სამართავად განკუთვნილი სახმელეთო რეტრანსლატორი, რომელიც დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ოლენივკის რაიონში მდებარეობდა, ასევე რუსეთის ჯარების სარემონტო დანაყოფი დონეცკის ოლქის მარიუპოლის რაიონში.
„ამ ობიექტების დაზიანება მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს ასუსტებს, მართოს დამრტყმელი უპილოტო აპარატები, შეინარჩუნოს სამხედრო ტექნიკის გამართულობა და უზრუნველყოს საკუთარი დანაყოფების საქმიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე სატელიტურმა ფოტოებმა აჩვენა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ 7 აგვისტოს ღამით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე გვარდეისკოეს აეროდრომის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმის შედეგები. ეს აეროდრომის ინფრასტრუქტურაზე ბოლო ორ თვეში განხორციელებული უკვე მესამე დარტყმა იყო.