აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომში მისი შესაძლო მოქმედებების ვარიანტებზე ისაუბრა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელები „ცბიერი მომლაპარაკებლები“ არიან და ირანთან ომში მისი ამჟამინდელი მოქმედებების რამდენიმე შესაძლო ვარიანტიც აღწერა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი ვარიანტია „უბრალოდ დაკვირვება“ და თეირანის ეკონომიკური კოლაფსის დაშვება, ან ირანზე „ძალიან, ძალიან ძლიერი დარტყმის“ განხორციელება.
„გააკეთეთ ის, რასაც მე ახლა ვაკეთებ: უბრალოდ დაჯექით გულხელდაკრეფილი და უყურეთ, როგორ ცუდად მიდის მათ საქმეები. ეკონომიკურად ისინი საშინელ მდგომარეობაში არიან. ფულს ვეღარ სესხულობენ. ჩვენ ვაკონტროლებთ მათ ფულს - იმას, რაც მათ ჰქონდათ, და ეს ძალიან ბევრია. მათ ბევრი ჰქონდათ და ჩვენ მასზე სრული კონტროლი გვაქვს. მე მათი ბანკირი ვარ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ უარყო საბრძოლო მასალის დეფიციტთან დაკავშირებული შეშფოთება და აღნიშნა, რომ აშშ მას „გიჟივით აწარმოებს“.
როგორც ცნობილია, მანამდე ირანმა აშშ-ს არაერთი მოთხოვნა წაუყენა სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის გავლით გემებისთვის გზის გახსნის სანაცვლოდ. მათ შორის იყო მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის მიღება და გაყინულ აქტივებზე წვდომა.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავის წარმომადგენლებს დაავალა, ირანის მხრიდან კომპენსაციის საკითხი „მტკიცედ დააყენონ“ „ნებისმიერ და ყველა მომავალ მოლაპარაკებაზე“.
სამშაბათს, 11 აგვისტოს, პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი „გარკვეულ შეთანხმებასთან“ ახლოს არიან და დასძინა, რომ მტკიცე მშვიდობა მთელი რეგიონის ინტერესებში იქნება.