ესპანეთის სამხრეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რის გამოც დაახლოებით 800 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ამის შესახებ Euronews იუწყება.
დეტალები: გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ხანძრის გამო დაახლოებით 800 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, რასაც ცვალებადი ქარი და რთული რელიეფი ართულებდა.
კერძოდ, მხოლოდ ერთ ხანძარს, რომელიც გასულ კვირას ანდალუსიის უელვის პროვინციაში გაჩნდა, 600-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა. მათ დასახმარებლად 26 თვითმფრინავი იყო მობილიზებული.
„ჩვენ უკიდურესად მძიმე, რთულ და საშიშ ტყის ხანძარს ვებრძვით, ამინდის პირობები კი კვლავ არ გვაძლევს მოსვენების საშუალებას. ეს დაბრკოლებებით სავსე მარათონია“, - განაცხადა რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ანტონიო სანსმა.
მისი თქმით, „რეალისტები უნდა ვიყოთ“, რადგან ამ დროისთვის ხანძრის უახლოეს პერიოდში ლოკალიზების პროგნოზი არ არსებობს.
მეხანძრეების ჯგუფები ხანძარს ასევე ებრძვიან კასტელონსა და სეგოვიაში. სამივე ხანძარს საშიშროების მეორე დონე მიენიჭა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ ესპანეთში მასშტაბურ ხანძრებთან მებრძოლი მეხანძრეებისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენდა 1936-1939 წლების სამოქალაქო ომის დროიდან შემორჩენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა.
ივლისის ბოლოს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა მასშტაბურ ტყის ხანძრებთან ბრძოლაში „გვირაბის ბოლოს სინათლეს“ ხედავს. ხანძრები რამდენიმე რეგიონში კვლავ მძვინვარებდა, თუმცა სანჩესმა გააფრთხილა, რომ „უახლოესი საათები“ რთული იქნებოდა.