უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ომის დეესკალაციაზე იმუშაოს და ამ საკითხზე პარტნიორებთან დიპლომატიურ წინადადებებს განიხილავს.
ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. ტრამპმა რუსეთს უკრაინასთან „დაუსრულებელი ომის“ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ზელენსკი დაეთანხმა ტრამპს, რომ ომი უნდა დასრულდეს და აღნიშნა, რომ უკრაინა მშვიდობის მიღწევას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე წუთიდან ცდილობდა.
„ჩვენ უკვე წარვადგინეთ ათობით დიპლომატიური წინადადება იმის შესახებ, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი ღირსეულად, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ რუსეთის ახალი თავდასხმები. ამჟამად გრძელდება დიალოგი პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-სთან“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, განიხილება ინიციატივები, რომლებიც მშვიდობის მიღწევასა და ომის დეესკალაციას შეუწყობს ხელს. მათ შორისაა რუსეთის მიერ ენერგოობიექტებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და უკრაინიდან სურსათის ექსპორტზე დარტყმების შეწყვეტა.
„უკრაინის ენერგეტიკის სექტორი, მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ჩვენი სურსათის ექსპორტი რუსეთისთვის სამიზნე აღარ უნდა იყოს, რასაც ჩვენი მხრიდან დეესკალაციის შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება. გადაწყვეტილებები შესაძლებელია“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის ასეთი ნაბიჯებისთვის და ამ იდეებს პარტნიორებთან განიხილავს, მათ შორის ამ კვირაში ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს.
„აღარ იქნება ისე, რომ მხოლოდ ის ქვეყანა დაზარალდეს, რომელსაც თავს დაესხნენ. ახლა ომის ბუნება ისეთია, რომ აგრესორიც განიცდის დანაკარგებს. ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას იძლევა. ქვეყნების ლიდერების ძალას შეუძლია და უნდა შეეძლოს უზრუნველყოს დეესკალაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
წყაროების ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს 22 სექტემბერს, აშშ-ში შეხვდება.