უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილშია აღნიშნული, სადაც ის ხელისუფლებას მიმართავს.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას უდიდესი და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
„სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი. თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ... ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი წერილში, რომელსაც ციხიდან ავრცელებს.