აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, 23 სექტემბრიდან ირანის ავიაკომპანიები მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ მან CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბესენტის თქმით, აშშ მეორეული სანქციების გამოყენებით ზეწოლას მოახდენს უცხოურ კომპანიებსა და აეროპორტებზე, რომლებიც ირანულ ავიაკომპანიებს მოემსახურებიან.
„23 სექტემბერს ირანის ყველა ავიაკომპანია მთელ მსოფლიოში შეჩერდება“, - განაცხადა ბესენტმა.
მისი განმარტებით, თუ ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავი უცხო ქვეყნის აეროპორტში დაეშვება, მას არ უნდა მიეწოდოს საწვავი, აეროპორტის მომსახურება ან ბილეთების გაყიდვის სერვისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის კომპანიებს შესაძლოა აშშ-ის დოლარის ფინანსურ სისტემაზე წვდომა შეეზღუდოთ.
ბესენტის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სექტემბრის დასაწყისში ირანის საავიაციო სექტორთან დაკავშირებული 36 კომპანია და ორგანიზაცია დაასანქცირა, მათ შორის 27 ირანული ავიაკომპანია. ვაშინგტონმა ასევე გააფრთხილა უცხოური კომპანიები, რომ ირანულ ავიაგადამზიდავებთან თანამშრომლობამ შესაძლოა მეორეული სანქციები გამოიწვიოს.
ბესენტის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება ჩინეთის ფინანსურ უწყებებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით.