ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს. დაგეგმილია ლიდერების შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური ბიშკეკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.