აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმების მიღწევის მაღალი ალბათობას ხედავს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მას საკმარისი დრო და მოთმინება აქვს შეთანხმების მისაღწევად. მან ამის შესახებ Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანმა შეხვედრა მოითხოვა. ტრამპის განცხადებით, ეს არ მოხდებოდა, „საქმეები ცუდად რომ ყოფილიყო“.
ამავე დროს, ირანი საჯაროდ კვლავ ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, რამდენად მოთმინებით ეკიდება შექმნილ ვითარებას.
„მე დიდი მოთმინება მაქვს. ბევრი დრო მაქვს. ძალიან ბევრი დრო,“ - უპასუხა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ და ირანი „კარგ მოლაპარაკებებს“ აწარმოებენ და შეთანხმების მიღწევის ალბათობა არსებობს.
„ვფიქრობ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. და თუ ეს მოხდება - კარგი იქნება, თუ არა, ჩვენ დავუბრუნდებით იმას, რასაც ორი დღის წინ ვაკეთებდით,“ - დასძინა ტრამპმა, რითაც მიანიშნა ირანზე საჰაერო დარტყმების გაგრძელებაზე.
შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ირანზე აშშ-ის დარტყმების დროებით შეჩერება, რათა მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი მისცემოდა.