28 ივლისის გამთენიისას რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც, მათი მტკიცებით, „მოსკოვისკენ მიფრინავდნენ“, მოიგერიეს. თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ერთ-ერთ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავდაპირველად განაცხადა, რომ 81 დრონი, რომლებიც, მისი თქმით, მოსკოვისკენ მიფრინავდნენ, მოიგერიეს.
ამასთან, „როსავიაციამ“ მოსკოვის აეროპორტებში - „ვნუკოვოში“, „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკიში“ ფრენებზე შეზღუდვები აამოქმედა და მათი მუშაობა დროებით შეაჩერა.
რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც, გავრცელებული ცნობებით, ჩანს დრონების ფრენა და კვამლი მოსკოვის ოლქში.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში მდებარე საბურავების გადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც საბურავების რეგენერაციას, რეზინის გრანულებისა და რეგენერატის წარმოებას ახორციელებს.
ასევე ვრცელდება ცნობები, რომ კიდევ ერთხელ განხორციელდა დარტყმა Wildberries-ის საწყობებზე სოფელ კოლედინოში.
მოგვიანებით მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დაადასტურა, რომ ჩეხოვის რეგენერაციულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, ეს, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად მოხდა.
ვორობიოვმა ასევე განაცხადა, რომ დომოდედოვოს, პოდოლსკის, რამენსკისა და კოლომნის თავზე ათობით დრონი ჩამოაგდეს.
„როსავიაციამ“ დილის 06:10 საათზე განაცხადა, რომ „ვნუკოვოსა“ და „დომოდედოვოს“ აეროპორტებში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
მოგვიანებით სობიანინმა განაცხადა, რომ ორშაბათის საღამოდან სამშაბათის დილის 06:30 საათამდე მოსკოვის რეგიონზე, მისი თქმით, შეტევა 390 დრონით განხორციელდა.