სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ სომხური მედია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება..
მხარეებმა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს, მათ შორის - ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოშობილი პრობლემები.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხური წარმოშობის პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ-სახელშეკრულებო ჩარჩოსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) რეგულაციებს. მან პუტინს პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, რაზეც საუბარია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ოთხი ქვეყნის ლიდერების მიერ მიმდინარე წლის 29 მაისს მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, ფაშინიანმა განმარტა, რომ რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირს წევრობაზე ოფიციალური განაცხადით მიმართავს და ეს საკითხი პრაქტიკულ ეტაპზე გადავა.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზად არის აღნიშნული საკითხები ღია, პარტნიორული და მეგობრული დიალოგის გზით მოაგვაროს.