უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ნრიტნეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
შეხვედრა საზღვაო ძალების ავიამზიდ HMS Queen Elizabeth-ზე შედგა.
„დღეს ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა პორტსმუთში, სამეფო საზღვაო ძალების ავიამზიდ HMS Queen Elizabeth-ზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან პირველი შეხვედრა გავმართეთ. ძალიან ვაფასებთ, რომ ბერნემის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ბრიტანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ უკრაინულ დელეგაციას ერგო. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია და პრემიერ-მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ ეს მხარდაჭერა უცვლელი რჩება.
ვისაუბრეთ ჩვენს თავდაცვაზე. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი შესაძლებლობები გვქონდეს ადამიანების სიცოცხლის დასაცავად როგორც ცაში, ისე ზღვაზე. ასევე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების განვითარება.
მადლობელი ვარ დიდი ბრიტანეთის დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, უკრაინას გადასცეს რადიოელექტრონული ბრძოლის ტექნოლოგიები უკრაინული დრონების დასაცავად. ეს ბრძოლის ველზე ნამდვილად სასარგებლო იქნება.
ერთად კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია დრონებისა და სხვა ტექნოლოგიების მიმართულებით. ენდი ბერნემი უკრაინაში მოვიწვიე. მადლობა, დიდო ბრიტანეთო!“ - წერს ზელენსკი