უკრაინას სურს, რომ ევროპამ შუამავლის როლი შეასრულოს რუსეთთან ერთმანეთის აეროპორტებზე თავდასხმების შეწყვეტის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ Politico-ს განუცხადა.
უკრაინული მხარე იმედოვნებს, ასეთი ნაბიჯი ევროპელ ლიდერებს კონკრეტულ როლს მისცემს დიპლომატიურ პროცესში, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები შენელებულია.
სიბიჰას აზრით, ვლადიმირ პუტინს, შესაძლოა, ჰქონდეს მოტივაცია, შეუერთდეს ასეთ შეთანხმებას, რადგან რუსეთის მსხვილი საავიაციო ჰაბები - მათ შორის მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტი „შერემეტიევო“ და სანქტ-პეტერბურგის „პულკოვო“, სულ უფრო მოწყვლადი ხდება უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის დარტყმების მიმართ.
„ჩვენ, სავარაუდოდ, გვჭირდება ევროპის ახალი როლი ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევაში. შესაძლოა, შევძლოთ ამ საკითხის დარეგულირება ან „აეროპორტების ზავის“ მიღწევა. თუ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები შექმნიდნენ პლატფორმას ან სპეციალურ ჯგუფს, ამ თემის განხილვას შევძლებდით“, - განაცხადა სიბიჰამ.
სიბიჰას თქმით, ნებისმიერი ევროპული ძალისხმევა უნდა აძლიერებდეს აშშ-ის ლიდერობით მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს და თავიდან ირიდებდეს პარალელური მიმართულებების შექმნას.