აშშ-ის მთავრობამ ახალი სანქციები დაუწესა სამ ფიზიკურ პირსა და ცხრა კომპანიას ჰონგ-კონგიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანიდან, რომლებიც ირანს ჩინეთში ნავთობის მიწოდებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) მიერ დაწესებული ახალი სანქციები მიმართულია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) ეხმარებოდნენ ირანული ნავთობის ჩინეთში გაყიდვასა და მიწოდებაში, ფიქტიური კომპანიების ქსელის მეშვეობით.
„სახაზინო დეპარტამენტი გააგრძელებს ირანის რეჟიმის მოწყვეტას იმ ფინანსური ქსელებისგან, რომლებსაც ის ტერორისტული აქტების განსახორციელებლად და გლობალური ეკონომიკის დესტაბილიზაციისთვის იყენებს“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
სახაზინო დეპატამენტის ინფორმაციით, სანქცირებულ სამ პირს კავშირი აქვს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ნავთობის შტაბთან და თურქული კომპანია Golden Globe-ის მეშვეობით გადახდებს კოორდინირებდნენ. ეს კომპანია სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ 2025 წელს მოექცა. მისი გავლით ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარი გადიოდა ირანული ნავთობის გაყიდვიდან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა ჯილდო - 15 მილიონ დოლარამდე ინფორმაციისთვის, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და მისი დანაყოფების ფინანსური მექანიზმების შესუსტებას შეუწყობს ხელს.
ახალ სიაში მოხვდა ჰონგ-კონგში რეგისტრირებული ოთხი კომპანია, რომლებიც მილიონობით ბარელი ირანული ნავთობის გაყიდვისა და შესყიდვის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედ ოთხ კომპანიას, რომლებიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებით ნედლეულის გადაზიდვას უწყობდნენ ხელს, ასევე ომანში რეგისტრირებულ კიდევ ერთ ფირმას, რომელიც ირანული ნავთობის პარტიების გადასაზიდად გემების ფრახტირებით იყო დაკავებული.